1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა, დღე, როდესაც ხდება მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
საუკუნეების მანძილზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაფრად ითვლებოდა ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობები, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, მნიშვნელოვნად იზღუდებოდა არა თუ უმაღლესი, არამედ საბაზისო განათლების შესაძლებლობაც, ბავშვებს არ ჰქონდათ ღირსეული სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა; ბავშვები ჩვეულებრივად იყვნენ ჩაბმული მძიმე სამუშაოს შესრულებაში, ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, მაღალი იყო სტატისტიკა ბავშვთა სიკვდილიანობის და ა.შ.
საბედნიეროდ, დღეს რეალობა გაუმჯობესებულია. დღეს ნებისმიერ განვითარებულ საზოგადოებაში ბავშვს მეტად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უკავია და ყოველთვის ითვლება არსებად, რომელიც განსაკუთრებულ და ფაქიზ მიდგომებს საჭიროებს, რაც კიდევ უფრო გაამყარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“, რომელმაც სრულად შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც;კონვენცია განმარტავს, რომ „ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები“. კონვენცია აღიარებს, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“.
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ბავშვთა მნიშვნელობაზე უკვე წლებია, შეჯერდნენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც თანდათან საკანონმდებლო დონეზეც წესრიგდება. ადამიანის უფლებების დაცვის პარალელურად კიდევ უფრო მეტადაა ყურადღება გამახვილებული ბავშვის უფლებების დაცვაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ განმარტავს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობასაც და ზრუნავს კიდეც ამ უფლებების დაცვაზე ყველა იმ სახელმიწფოში, რომელიც კონვენციას უერთდება. კონვენცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ კონვენციის ეროვნულ დონეზე რეალურად განხორციელებისათვის. კერძოდ, კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.
ეს ოთხი პრინციპი გახლავთ:
აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და ამით აიღო კონვენციით გაწერილი ნორმების შესრულების ვალდებულება.გარდა ამისა, საქართველომ აიღო ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვის ვალდებულება ისე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბავშვთა უფლებები ქვეყანაში. მას შემდეგ ეროვნული კანონმდებლობა აღიარებს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ განმტკიცებულ სამართლებრივ ნორმებს და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს განხილული უფლებების დაცვა საქართველოში.
იმედს ვიტოვებთ, რომ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციასა“ და სხვა სამართლებრივ აქტებში განმარტებული ნორმები პრაქტიკაშიც მაქსიმალურად განხორციელდება და ბავშვთა უფლებები ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება დაცული.